მერაბ ნინიძე “იუპიტერის მთვარეზე”, კორნელი მუნდრუცოსთან მუშაობაზე, კანის კინოფესტივალზე და მის სამსახიობო კარიერაზე

არიანი ახალგაზრდა ემიგრანტი სირიიდან, რომელსაც საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დაჭრიან,  უნგრელი რეჟისორის, კორნელი მუნდრუცოს ფილმის „იუპიტერის მთვარის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. დაჭრილი არიანი ლტოლვილთა ბანაკში ხვდება, სადაც ამოუხსნელი ძალით  ჭრილობებს იხორცებს და აღმოაჩენს, რომ ლევიტაციის უნარი აქვს. არიანი ბანაკიდან ექიმის დახმარებით გარბის და მამის საძიებლად მიდის. სწორედ ემიგრანტისა და ექიმის ურთიერთობა ხდება მუნდრუცოს ფილმის ცენტრალური ისტორია. „იუპიეტრის მთვარის“ პრემიერას განსაკუთრებული ინტერესი სწორედ საქართველოში მოჰყვა, რადგანაც ექიმის როლს მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს. „კინემატოგრაფიულად შთამბეჭდავი ისტორია, რომელიც მნახველს უემოციოდ ვერ დატოვებს“, „წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კინონამუშევარი“-ასეთი შეფასებები ისმოდა კანის კინოფესტივალზე „იუპიტერის მთვარის“ პრემიერის შემდეგ. განსაკუთრებით აღნიშნა მსახიობების მერაბ ნინიძისა და უნგრელი სჟომბერ ჯეგერის თამაშის მანერა. კორნელი მუნდრუცოსა და „ვუნდერკინდად“ აღიარებული კინოოპერატორი მარსელ რევის ერთობლივი ნამუშევარი წელს მთავარი ჯილდოსთვის „ოქროს პალმის რტოსთვის“ იბრძოდა. „კორნელის კომფორტის ზონიდან გამოყავხარ, უნდა დაივიწყო, რაც იცი და მზად იყო ყველაფრისთვის, როგორც მეომარი“-ამბობს მერაბ ნინიძე, რომელიც ჟუნრალ „OK! Georgia”-ს „იუპიტერის მთვარეზე“, კორნელი მუნდრუცოზე, ფილმში მის პერსონაჟზე და  მასწავლებელზე, გიზო ჟორდანიაზე ესაუბრა.

 merabi

პირველ რიგში რა თქმა უნდა „იუპიტერის მთვარეზე“ უნდა გკითხოთ. ბევრმა ეს ფილმი აღიქვა, როგორც პოლიტიკური განაცხადი, თქვენ თავად ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პასაჟი რეჟისორ კორნელი მუნდრუცოს ამ ნამუშევარში რწმენასთან კავშირის გაწყვეტაა. თანამედროვე სამყაროში და მიმდინარე მოვლენების ფონზე რა მნიშვნელობას იძენს ეს ფილმი, რამდენად მნიშვნელოვანია რომ რეჟისორებმა სწორედ ასეთი ერთი შეხედვით თითქოს სიურეალისტური გზით ასახონ ყველაზე აქტუალური პრებლემები?

„იუპიტერის მთვარე“ რეჟისორისთვის დამახასიათებელი ხელწერით და სტილისტიკითაა შექმნილი. ის აქცენტებს ადამიანების ურთიერთობიდან გამომდინარე აკეთებს ანუ პერსონაჟების ურთიერთობიდან და აქ ორი ადამიანის ურთიერთობა უკვე პოლიტიკურია- რა არჩევანს აკეთებს ადამიანი ექსტრემალურ სიტუაციაში? რა კრიტერიუმით იზომება დღეს მორალი? რწმენა, არა მარტო რელიგიური, არამედ ადამიანური, ჰუმანურია ალბათ. დღეისთვის უფრო შიშით და ცინიზმით დაღდასმულ დროში ვცხოვრობთ და იდეალების და ლირიკის ადგილი სწორედ შიშმა, ტერორმა დაიკავა.  ცინიზმი და უნდობლობა უპირისპირდება  „იუპიტერის მთვარეში“  სასწაულს, გამოცხადებას, რომელსაც ახსნა არ აქვს და შეიძლება ამიტომ ჩანს სიურეალისტური. მე მგონი ფილმი საკმაოდ რეალისტური და დინამიური ხერხით ყვება ამბავს. მუნდრუცო ცდილობს სტილისტური აღრევით თითქოს ფუტურისტული მომავლის კინოენა გამოიგონოს სადაც თრილერი, მელოდრამა, სათავგადასავლო არტჰაუზი და ბლოკბასტერი ერთ ჭერქვეშ ექცევა და ამ ეკლექტიკას შეგნებულად მიმართავს. მუნდრუცო დღევანდელობას ასე აღიქვამს- სტილის და ჟანრების აღრევით, ის ამ მცნებებს შორის საზღვარს შლის და  იქ იწყებს  ამბის მოყოლას, სადაც შავ და თეთრი, კარგი და ცუდი არ არსებობს და ყველაფერი თანაარსებობაშია.

Jupiter+Moon+Photocall+70th+Annual+Cannes+BjLNkBB2llml

“ იუპიტერის მთვარეში“ თქვენს მიერ განსახიერებულ პერსონაჟზე მინდა გკითხოთ-ექიმზე, რომელიც ერთი შეხედვით დაუჯერებელი ისტორიის თვითმხილველი ხდება, რა არის ამ პერსონაჟს მთავარი მახასიათებელი და როგორ მოხდა ამ პერსონაჟის შექმნა?

კორნელი დიდ დროს უთმობს მოსამზადებელ პერიოდს.  მთლიანობაში ფილმზე ერთი წელი ვიმუშავე. სინჯები და რეპეტიციები 2016 იანვარში, ხოლო გადაღებების მაისის ბოლოს დაიწყო, რომელიც 3 თვეზე მეტი გაგრძელდა. უკვე  ამ წლის იანვარში  სტუდიაში ვცდილობდი  პერსონაჟი უნგრულ ენაზე გამეხმოვანებინა, ესეც კორნელის დაჟინებული თხოვნა იყო. უნგრული ხმოვნების წარმოსათქმელად 6 კვირა ლოგოპედთან ერთად ვმუშაობდი.  ფილმში ჩემი პერსონაჟი ძირითადად ინგლისურად ელაპარაკება სირიელ ლტოლვილს და ფილმის დიალოგების 60 პროცენტიც ინგლისურ ენაზეა. კორნელი ბოლომდე ეცადა ჩემი ხმა ყოფილიყო ფილმში, ამის გამო დარჩენილ 40 პროცენტზე- უნგრულ დიალოგებზე ბევრი ვიწვალეთ, კარგი გამოვიდა,  მაგრამ აშკარა იყო რომ უცხოელი ლაპარაკობდა და ეს პერსონაჟისთვის გაუმართლებელი იქნებოდა. გაბორ შტერნი -ასე ქვია ჩემს პერსონაჟს „იუპიტერის მთვარეში“ და  როგორც იტყვიან თავით ფეხამდე უნგრელი, სწორედ ამიტომ საბოლოოდ უნგრელმა მსახიობმა გაახმოვანა, რაც  ჩემთვის პირადად ძნელი შესაგუებელია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. კორნელი ძალიან მომზადებული მოდის გადასაღებ მოედანზე და მაქსიმუმს მოითხოვს მსახიობისგან,მას კონკრეტული ემოციური რეგისტრი არ ყოფნის, კომპლექსურად უდგება პერსონაჟს და ეს განწყობა ძალიან გადამდებია. მისი შთაგონება ბოლომდე გითრევს და მიყვები.

 „იუპტერის მთვარეში“ კრიტიკოსების თქმით ძალიან ბევრი იდეური და მორალური მესიჯია ჩადებული. თქვენთვის რა იყო ის მთავარი იდეა, რამაც როლზე დათანხმების და ფილმში თამაშის სურვილი  გაგიჩინათ

როგორც მსახიობი ვერ ფიქრობ მესიჯებზე რომელიც ფილმშია. გადაღების  პროცესში შეუძებელია არტისტმა ამაზე იფიქროს, მაგრამ უკვე დასრულებულ ფილმში დავინახე ეს გზავნილები. სცენართან შედარებით ფილმი უფრო დალაგებულია ანუ ერთ ამბავს ყვება და ესაა ორი ადამიანის ურთიერთობა დაუნდობელ რეალობაში.ჩემი პერსონაჟის მთავარი მახასიათებელი  კომპლექსურობაა, ის მუდმივ წინააღმდეგობაშია.მთელი ფილმის მანძილზე საკუთარ თავს და გარემოს ეწინააღმდეგება და ამ წნეხში უნებლიედ გმირი ხდება. სცენარის კითხვა რომ  დავიწყე ასე მე-10 გვერდზე ჩემი პერსონაჟი სასწაულის შემსწრე ხდებოდა, მის თვალწინ დაჭრილი ლტოლვილი უცებ ფრენას იწყებდა. ეს სცენა რამდენიმეჯერ წავიკითხე, მეგონა რომ ვერ მივხვდი ან მეჩვენება რასაც ვკითხულობ,როცა მივხვდი რომ არ მეჩვენება, ვიფიქრე რომ მხოლოდ ამ სცენის გამო ღირდა ამ ფილმში მონაწილეობა. როგორ უყურებს ადამიანი გამოცხადებას, სასწაულს რომელიც ერთფეროვან, დამთრგუნავ ყოფაში უცებ თვალს აგიხელს-ამან დამაინტერესა,  როგორ უნდა ითამაშო ასეთი განცდა მსახიობმა. მე და კორნელის ერთად მუშაობა ძალიან მოგვეწონა და ახლა ვფიქრობთ იმის დრო გამოვნახოთ, რომ მომავალ წელს კორნელმა თბილისში სპექტაკლი დადგას და მე ვითამაშო.

მაშინ როდესაც ითამაშეთ „მონანიება“-ში, რომელიც კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტოს“ ნომინანტი იყო, თუ ფიქრობდით, რომ  წლების შემდეგ უკვე თავად მოხვდებოდით ფესტივალის ყველაზე პრესტიჟულ წითელ ხალიჩაზე და პრეს-კონფერენციაზე?

მონანიებეში როცა ვითამაშე 17 წლის ვიყავი და ეს სხვა განზომილებაა. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა რომ ოდესმე 51 წლის ვიქნებოდი, ალბათ გულიანად გამეცინებოდა. რომ ვთქვა რომ ამაზე ბევრს ვფიქრობდი- არა, მაგრამ როცა მსახიობი ხარ და კინოში მუშაობ, თუ ფილმს გაუმართლა და თან კარგია, თანასწორად დაუდგება გვერდით სხვა ღირსეულ ფილმებს, არ გამორიცხავ არც ხალიჩებს, არც ნომინაციებს. თუმცა ეს გზა ყოველთვის ხალიჩასთან არ მიგიყვანს, მაგრამ მართლა საინტერესო, კომპლექსური, განსხვავებული და ღრმა როლების თამაშის საშუალება, მაინც იშვიათად გვეძლევა და მე მგონი შეუძლებელიცაა სულ ასეთ როლებს ასრულებდე. ვინ გაუძლებს ასეთ დატვირთვას?!

ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდით, რომ როდესაც ფილმი კანის კინოფესტივალზე მოხვდა ბევრს ფიქრობდით თქვენს მასწავლებელზე-გიზო ჟორდანიაზე, რომელიც მუდამ გეუბნებოდათ, რომ ბოლომდე გაეცი და არსდროს დაზოგო საკუთარი თავი. როგორ ფიქრობთ როგორ შეაფასებდა ის თქვენს უახლეს როლს

გიზოს სიტყვებს ჩემს ახალგაზრდა კოლეგებსაც ვუმეორებ ხოლმე- თუ ბოლომდე არ დაიხარჯე აზრი არა აქვს ამ საქმის კეთებას, თუ არ მიეცი სისხლი, ოფლი, ჯანი, სული და გული  მაშინ არ გამოვა არაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი უინტერესოა და უსიცოცხლო. გიზოს ოჯახმა კანში ყოფნისას  გიზოს ბაფთა გამომიგზავნა საჩუქრად, რომელსაც ის საზეიმო და საპრემიერო ვითარებაში იკეთებდა ე.წ. სმოქინგზე და ეს ბაფთა ყველა პრიზზე მეტია ჩემთვის. მე გიზოს  ვაგრძელებ და ვატარებ ჩემში. მის საქმის მიმართ დამოკიდებულებას, აზარტს, ზეიმს, სიკეთეს, საქმეში დახარჯვის ბედნიერ განცდას და საერთოდ ყველაფერს   რასაც ის ატარებდა და ასხივებდა, ეს ყველაფერი მისი წასვლის მერე თითქოს მის ყოფილ სტუდენტებში გაცოცხლდა

თუ არსებობს რაიმე მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ხდვებით უნდა დათანხმდეთ თუ არა როლს.

ვცდილობ რომ როლები არ ავარჩიო, არამედ მაქსიმალურად მოვერგო როლს, რომელსაც მთავაზობენ და შეძლებისდაგვარად საინტერესო გავხადო ის

 „BBC”-ის ახალ სერიალზე McMafia-ზე  მინდა გკითხოთ, თუ შეიძლება მოგვიყევით გადაღების პროცესზე და თქვენს პერსონაჟზე.

Mc Mafia-ს გადაღება შარშან ოქტომბერში დავიწყე და ივლისის ბოლოს  პირველ სეზონზე მუშაობას ვამთავრებთ. პირველი სერია  3 იანვარს გავა BBC და ABC-ს ეთერში. მანამდე ხელშეკრულების მიხედვით არაფრის გასაჯაროების უფლება არ მაქვს და მალე ისედაც ყველაფერი თავისთავად გახდება ცნობილი.

ლასლო ნემეშმა მის სადებიუტო ფილმში „საულის შვილი“ სწორედ თქვენ შემოგთავაზათ მთავარი როლი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო როლზე უარის თქმა მოგიწიათ, თუ ნახეთ ეს ფილმი და როდესაც უკვე „ოსკარებზე“ მოხვდა „საულის შვილი“, ხომ არ დაგწყდათ გული, რომ თქვენ არ იყავით მთავარ როლში?

ლასლო ნემეში და კორნელ მუნდრუცო, ორივე ალექსეი გერმან უმცროსის ფილმის- “ქაღალდის ჯარისკაცი”- ს დიდი თაყვანისმცემლები აღმოჩნდნენ,მე ამ ფილმში  ვთამაშობ და როგორც თავად მითხრეს სწორედ ამიტომ მოუნდა ორივეს ჩემთან მუშაობა. ლასლოს ფილმზე დიდი ხანი მქონდა მოსამზადებელი სამუშაო პერიოდი, მერე ფილმის გადაღება ერთი წლით გადაიდო და ბოლოს ვერ მოვახერხე „საულის შვილში“  თამაში. ფილმი ნამდვილად არ მინახავს. მისი წარმატება ძალიან გამეხარდა და გამეცინა იმაზე რამხელა ირონიაა ამ მოულოდნელ მოლოდინებში.

თქვენთვის მსოფლიო კინოინდუსტრიაში კარი დიდიხანის წინ გაიხსნა, სამომავლო გეგმებზე, რომ მოგვიყევთ თუ შეიძლება

მე მგონი ეხლა ახალი ეტაპი დაიწყო. ჯერჯერობით მეტი არ ვიცი, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ. თუმცა გეტყვით, რომ მომავლის გეგმები ბევრია.

 

ავტორი:რუსკა გიორგაძე

ფოტო:Getty Images

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s